Skip to main content

ვინ აირჩევს კინოცენტრის ახალ დირექტორს?

მას შემდეგ, რაც 27 იანვარს, კინოცენტრის დირექტორმა ზურაბ მაღალაშვილმა გადადგომის თაობაზე განცხადება გააკეთა, საქართველოს ეროვნული კინოცენტრი ახალი დირექტორის მოლოდინშია.

ამ ეტაპზე უცნობია, ვინ შეცვლის მას. თუმცა, სანამ კანდიდატების ვინაობა გახდება ცნობილი, ყველაზე აქტუალურია, თუ ვინ მიიღებს მონაწილეობას ახალი დირექტორის არჩევაში.

დავიწყოთ იმით, თუ ვის აქვს უფლება დანიშნოს საქართველოს ეროვნული კინოცენტრის დირექტორი.

2000 წელს მოქმედი კანონმდებლობის თანახმად სამინისტრო კინოცენტრის დირექტორს მაშინდელ კინოკავშირთან შეთანხმებით ნიშნავდა, 2004 წლიდან კი კანონი მინისტრს აღარ ავალდებულებს აზრი კინოკავშირს (ახლანდელ კინოაკადემიას) ან თუნდაც რომელიმე სხვა კინოორგანიზაციას დაეკითხოს. შესაბამისად, საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით კინოცენტრის დირექტორს სამი წლის ვადით პირდაპირი წესით ნიშნავს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი. მიუხედავად ამისა, კულტურის სამინისტრომ გადაწყვიტა სარეკომენდაციო საბჭო შეეკრიბა და მან საბჭოს შედგენის თხოვნით ისევ ყოფილ კინოკავშირს მიმართა. კინოაკადემიამ ინფორმაცია საკუთარი სიის არსებობის შესახებ ოფიციალური Facebook გვერდის საშუალებით 15 მარტს გაავრცელა, თუმცა, როგორც ამავე პოსტიდან ვიგებთ, აკადემიას ეს სია სამინისტროსთვის 28 თებერვალს წარუდგენია.

სიის შემადგენლობა ასეთია:

შამათავა ოთარი - რეჟისორი, კინოაკადემიის წევრი;

ხოტივარი რამაზი - რეჟისორი, კინოაკადემიის წევრი;

დოლიძე ამირანი - დრამატურგი, კინოაკადემიის წევრი;

შუბაშვილი არჩილი - კინომცოდნე, კინოაკადემიის წევრი;

ჯანდიერი კონსტანტინე - დრამატურგი, კინოაკადემიის წევრი;

ღლონტი ლევანი - რეჟისორი, კინოაკადემიის წევრი;

ჭიაურელი მიხეილი - რეჟისორი, კინოაკადემიის წევრი;

ტრაპაიძე ქეთევანი - კინომცოდნე, კინოაკადემიის წევრი;

კოტეტიშვილი ვახტანგი - რეჟისორი;

დოლიძე ამირანი - რეჟისორი.

მართალია, კულტურის სამინისტროს საქართველოს კინოკლასტერისთვის არ მიუმართავს, თუმცა სარეკომენდაციო საბჭოს სია მინისტრს კინოკლასტერმაც წარუდგინა. საქართველოს კინოკლასტერის მიერ წარდგენილი სია საკმაოდ მრავალფეროვანია და მასში რეჟისორების, პროდიუსერებისა და კინომცოდნეების გარდა, საქართველოს კინოცენტრის ბოლო სამი დირექტორიც შედის. კინოაკადემიის სიისაგან განსხვავებით, ეს სია არ წარმოადგენს მზა საბჭოს, არამედ კინოპროფესიონალთა 25-კაციანი ჩამონათვალია, საიდანაც სამინისტროს თავად შეეძლება საბჭოს შემადგენლობის არჩევა.

სიის შემადგენლობა ასეთია:

გელა ბაბლუანი - რეჟისორი, პროდიუსერი;

ოთარ ბუბაშვილი - კინოგაქირავების წარმომადგენელი;

გოგი გვახარია - კინომცოდნე;

თინათინ გურჩიანი - რეჟისორი, პროდიუსერი;

ნანა ექვთიმიშვილი - რეჟისორი, პროდიუსერი;

ლევან თუთბერიძე - რეჟისორი;

ვლადიმერ კაჭარავა - პროდიუსერი;

ნინო კირთაძე - რეჟისორი, პროდიუსერი;

ლევან კოღუაშვილი - რეჟისორი, პროდიუსერი;

ქეთი მაჭავარიანი - რეჟისორი, პროდიუსერი;

გიორგი ოვაშვილი - რეჟისორი, პროდიუსერი;

რატი ონელი - რეჟისორი, პროდიუსერი;

ზაზა ურუშაძე - რეჟისორი, პროდიუსერი;

გიორგი შველიძე - ოპერატორი;

დიტო ცინცაძე - რეჟისორი;

ანნა ძიაფშიპა - პროდიუსერი;

რუსუდან ჭყონია - რეჟისორი;

ზაზა ხალვაში - რეჟისორი;

ლაშა ხალვაში - პროდიუსერი;

თეო ხატიაშვილი - კინომცოდნე;

სალომე ჯაში - რეჟისორი;

ნანა ჯორჯაძე - რეჟისორი.

და კინოცენტრის ბოლო სამი დირექტორი (ქრონოლოგიურად):

თამარ ტატიშვილი 2010-2013;

ნანა ჯანელიძე 2013-2016;

ზურაბ მაღალაშვილი 2016-2019.

საინტერესოა, რატომ მიმართა სამინისტრომ სარეკომენდაციო საბჭოს დასაკომპლექტებლად მხოლოდ კინოაკადემიას, მაშინ როდესაც ამას კანონი აღარ ავალდებულებს და თუკი ასეთი საბჭოს საჭიროება მაინც არსებობდა, რატომ არ გაცხადდა ეს საჯაროდ ყველა კინოორგანიზაციისთვის? მით უმეტეს მაშინ, როცა ქართული კინოინდუსტრია არ შემოიფარგლება მხოლოდ ერთი კინოორგანიზაციით.

იმისათვის, რომ ქართული კინოსამყაროს ეს ბუნდოვანი პროცესი უფრო თვალსაჩინო გაგვეხადა, გადავწყვიტეთ კულტურის სამინისტროს დავკავშირებოდით:

"სამინისტრომ ოფიციალურად მიმართა კინოაკადემიას, რომ წარმოედგინა კინოსექტორში მოღვაწე იმ ადამიანების სია, თუ ვინ შეიძლებოდა ყოფილიყო სარეკომენდაციო საბჭოში. კინოკლასტერმა კი თავისი ინიციატივით წარმოადგინა ეს სია. სამწუხაროდ, კინოკლასტერის შესახებ ინფორმაცია ჩვენ საერთოდ არ გაგვაჩნდა. რაც შეეხება არჩევნებს, ჯერ ჩამოყალიბებულები არ ვართ. სავარაუდოდ, 20-25 მარტს გაიხსნება კონკურსი და ნებისმიერ მსურველს შეეძლება 10 აპრილამდე განაცხადი შემოიტანოს", - ამბობს On.ge-სთან საუბრისას განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს კულტურის დეპარტამენტის უფროსი ნანა დოლიძე.

იმისათვის, რომ გაგვეგო, რა პრინციპით შეარჩია აკადემიამ კულტურის სამინისტროში გაგზავნილი კინოცენტრის დირექტორის ასარჩევი საკონსულტაციო საბჭოს სია, კინოაკადემიის ვიცე-პრეზიდენტ გიო მგელაძეს დავუკავშირდით.

"დაასახელეს დაახლოებით 50 კანდიდატურა და მერე ათბალიანი სისტემით შეაფასეს. პირველ ათ ადგილზე ვინც გავიდა ქულებით, ამ სიაშიც ის მოხვდა", - გვითხრა მგელაძემ.

მგელაძეს აზრი კინოკლასტერის შესახებაც ვკითხეთ.

"კინოკლასტერის სია არის აბსურდული. ჯერ ერთი იმიტომ, რომ არ წარმოდგენს არანაირ ჯგუფს. მარტო მე ვინც ვიცი, იქ დასახელებულებიდან ნაწილს არ უნდა მათ სიაში ყოფნა, მაგალითად, ზაზა ურუშაძესა და ზურაბ მაღალაშვილს. გეტყვით იმასაც, რომ მათ გარდა სია კიდევ ორმა კერძო პირმა გაუგზავნა კულტურის სამინისტროს. ზოგადად, ეგ კინემატოგრაფისტები სრულ აბსურდში არიან. მოსულიყვნენ და დასწრებოდნენ კინოაკადემიის სხდომას და ენახათ, როგორ ავირჩიეთ ის სია. სიმართლე რომ გითხრათ, მე არც კი ვიცი, ვინაა ჩვენ სიაში, იმდენად მახატია, იმდენად მნიშვნელობა არ ჰქონდა, ვინ გავიდოდა და ვინ არ გავიდოდა", - ამბობს მგელაძე On.ge-სთან საუბრის დროს.

კინოაკადემიის ვიცე-პრეზიდენტის გაღიზიანების მიზეზი არამხოლოდ კინოკლასტერი, არამედ ყველა ის კინომოღვაწე აღმოჩნდა, ვინც როგორც თავად ამბობს "ყველაფერზე პროტესტს გამოთქვამს".

"რაც მე მივედი კინოაკადემიაში, აღმოჩნდა, რომ 25 წლის განმავლობაში ყველაფერი დანგრეული და გამოშიგნული იყო. ერთ წელიწადში გავაკეთე ახალი დარბაზი, გავაკეთეთ ფანტასტიური რაღაცეები. ეს კინემატოგრაფისტები რატო იყვნენ 25 წელი ნანგრევებში, ხან კაზინო გააკეთეს, ხან სახინკლე, კედლებიც კი გაძარცვეს და ახლა ცუდად ხდებიან, როცა ვიღაცა კარგს აკეთებს. ვერ ხედავდი, 25 წელი რო ანგრევდნენ?! მაგათ არც მაღალაშვილი ევასებოდათ, იმიტომ რომ აკავშირებდნენ რაღაცა სექტებს და ჯგუფებს და ეს ყველაფერი თავზე დაენგრათ. კაროჩე, დაუჯერებელი რამე ხდება", - გვითხრა გიო მგელაძემ.

იმის გადასამოწმებლად, მართლა იყო თუ არა ზაზა ურუშაძე კინოკლასტერის სიაში ყოფნის წინააღმდეგი, თავად რეჟისორს და კინოაკადემიის პრეზიდენტს დავუკავშირდით.

"კინოკლასტერის სია რას ნიშნავს, არ ვიცი. ეგ სია ყველამ შეიძლება დაწეროს. მე ვარ საქართველოს კინოაკადემიის პრეზიდენტი, კულტურის სამინისტრო მიმართავს კინოაკადემიას, რომ დაასახელოს თავისი სია. ის, რაც კინოკლასტერმა ქნა, ყველას შეუძლია გააკეთოს. მადლობა, რომ მე დამასახელეს ამ სიაში, სიმართლე გითხრათ, არ ვიცოდი, არ მქონდა ეს ინფორმაცია, მაგრამ ასე შეუძლია ძალიან ბევრს დაასახელოს. მაგრამ წესით, საკუთარ სიას ასახელებს კინოაკადემია. წინა არჩევნებზეც ასე მოხდა და ახლაც ასე ხდება, რადგან ოფიციალურად ასეა. მათ უბრალოდ თავისი ინიციატივა გამოიჩინეს. კინოაკადემიის სია უკვე დამტკიცებულია და პროცესიც დაწყებულია", - გვითხრა ზაზა ურუშაძემ.

რაც შეეხება კინოკლასტერს, ის 2017 წელს პროგრამა ევროკავშირი ბიზნესისთვის და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) ხელშეწყობით საქართველოს კინოინდუსტრიის წარმომადგენლების მიერ დაარსდა და მას შემდეგ აქტიურად თანამშრომლობს სხვადასხვა სახელმწიფო და საერთაშორისო ორგანიზაციასთან, მათ შორის, საქართველოს ეროვნულ კინოცენტრთან და სახელმწიფო პროგრამასთან აწარმოე საქართველოში. იმისათვის, რომ კინოკლასტერის შესახებ მეტი გაგვეგო, კლასტერის დირექტორს მარი კალტრაიდერს დავუკავშირდით.

"მიუხედავად იმ მნიშვნელოვანი წარმატებისა, რასაც ქართულმა კინომ 90-იანების შემდეგ ბოლო წლებში მიაღწია, ინდუსტრია კვლავ მნიშვნელოვანი გამოწვევების წინაშე დგას, კერძოდ: სახელმწიფო დაფინანსების სიმცირე. მიუხედავად იმისა, რომ გასულ წელს კინოცენტრის დაფინასების ბიუჯეტი გაიზარდა, ეს საკმარისი არ არის იმისათვის, რომ უზრუნველყოს ინდუსტრიის სწრაფი განვითარება. პრობლემაა საერთაშორისო სადისტრიბუციო ქსელში წარმოდგენილი ქართული ფილმების სიმცირეც. კიდევ ერთი გამოწვევა, რის წინაშეც ვდგავართ, ეროვნული კინოცენტრის საქმიანობის სტანდარტების არარსებობაა, მაგალითად: კინოცენტრის სტრუქტურისა და ოპერაციების სტანდარტიზება, კონკურსების ჟიურის შერჩევისა და ჩატარების ზუსტად გაწერილი პროცედურები", - ამბობს კლასტერის დირექტორი On.ge-სთან საუბრისას და სამინისტროში სიის წარდგენის მოტივაციას შემდეგნაირად ასაბუთებს:

"ჩვენთვის მნიშვნელოვანია ახალი დირექტორის შერჩევის პროცესი და ამ პროცესის გამჭვირვალობა. ეროვნული კინემატოგრაფიის სახელმწიფო მხარდაჭერის შესახებ კანონის მიხედვით, კინოცენტრის დირექტორს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი ნიშნავს 3 წლის ვადით, თუმცა არსებული პრაქტიკის მიხედვით მინისტრი იწვევს საკონსულტაციო საბჭოს, რომელიც მას შერჩევის პროცესში რეკომენდაციას უწევს. შესაბამისად, ჩვენ წარვადგინეთ იმ ადამიანების სარეკომენდაციო სია, რომელთაც, ჩვენი ღრმა რწმენით, გააჩნიათ კომპეტენცია იმისათვის, რომ შეარჩიონ კინოცენტრის დირექტორის პოზიციაზე ის კანდიდატები, რომლებიც კარგად იცნობენ ინდუსტრიის გამოწვევებს და გააჩნიათ აუცილებელი ცოდნა, გამოცდილება და უნარები, იმისათვის, რომ წარმატებით გაართვან თავი ამ საპასუხისმგებლო საქმეს", - ამბობს On.ge-სთან საუბრისას მარი კალტრაიდერი.

ქართულ კინოს, რომელიც 110 წლის განმავლობაში არაერთი გარდამტეხი მოვლენის მომსწრე იყო, სავარაუდოდ, წელს კიდევ ერთი ურთულესი გამოცდის ჩაბარება მოუწევს. კინოცენტრი ახალი დირექტორის მოლოდინშია. ამ ეტაპზე არც კანდიდატების შესახებ ვრცელდება ინფორმაცია და არც ის ვიცით, თუ ვის რეკომენდაციას გაითვალისწინებს სამინისტრო.

ერთადერთი, რაც შეგვიძლია ვთქვათ არის ის, რომ საბოლოო პასუხისმგებლობა იმაზე, თუ როგორი იქნება მომდევნო წლების განმავლობაში ქართული კინოს მომავალი, სწორედ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრს ეკისრება.

იხილეთ წყარო